25-12-2017

ახალშობილ ცხოველთა ხსენით კვების მნიშვნელობა

მიღებული ნამატის ჯანმრთელად და უდანაკარგოდ შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მეცხოველეობაში.

 

     მოზარდი ორგანიზმის თავისებურება, ერთი მხრივ ისაა, რომ მისი შეგუების მექანიზმი შეზღუდულია, რის გამოც საშვილოსნოს გარეთ, ახალ გარემოში მოხვედრისას განიცდის ძლიერ ზემოქმედებას. მეორე მხრივ, მთელი რიგი ორგანოები ფუნქციონალურად მოუწერიგებელია და მათი შემდგომი ჩამოყალიბებისათვის გარკვეული დროა საჭირო. ამ პერიოდში ცხოველი შესაბამის მზრუნველობას საჭიროებს.

 

მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ზოგიერთი სახეობის ცხოველების: რქოსანი პირუტყვის, ღორის, თხის, ცხვრისა და სხვა სახეობის ცხოველების ნაყოფი საშვილოსნოში ყოფნისას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან მთავარ დამცველ ცილებს იმუნოგლობულინებს არ ღებულობს, ეს ნივთიერებები დაბადებისთანავე ხსენის მიღებით ხვდება ახალშობილი ცხოველის ორგანიზმში.

 

დაავადების ამთვისებელი ცხოველების ძირითად კონტიგენტს წარმოადგენენ ის ახალშობილები, რომლებმაც ხსენი არასაკმარისად, დაგვიანებით ან არასწორად მიიღეს. ახალშობილი ცხოველები, რომლებმაც ვერ მიიღეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხსენის სახით, ცუდად ვითარდებიან, ჩამორჩებიან ზრდაში და ინფექციური დაავადებების ადვილად ამთვისებლები ხდებიან.

 

ხსენი წარმოადგენს რძისა და სისხლის პლაზმის რიგ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც მოგებამდე რამოდენიმე ხნით ადრე გროვდება სარძევე ჯირკვლებში. ხსენის პირველი გამონაწველი განსხვავებულია რძისაგან, როგორც შემადგენლობით, ასევე მთელი რიგი ბიოლოგიური თვისებებით. მასში მეტი რაოდენობითაა ცხიმი, ცილა, კაზეინი, ფოსფორი, კალციუმი, ქლორი, რკინა, სპილენძი, ლაქტოგლობულინები, იმუნოგლობულინები, კაროტინები და ვიტამინები. ხსენის ყოველ შემდგომ მონაწველში აღნიშნული ნივთიერებების რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს.

 

ხსენში იმუნოგლობულინების შემცველობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები – პირუტყვის ასაკი, შენახვისა და კვების პირობები, წლის დრო და განსაკუთრებით წველის ხანგრძლივობა.

 

ახალშობილთა სიცოცხლის პირველ საათებში, მომნელებელი სისტემიდან იმუნოგლობულინების სისხლის შრატში სწრაფად გადასვლას ხელს უწყობს ახალშობილთა წვრილი ნაწლავების განსაკუთრებული თვისება – მაღალი ადსორბციის უნარი. პერიოდი წვრილი ნაწლავის მაღალი ადსორბციისა ხანმოკლეა, ამიტომ ახალშობილმა ცხოველმა ხსენი უნდა მიიღოს არაუგვიანეს 1-1.5 საათისა. ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი იმუნოგლობულინებით და არსებობისათვის აუცილებელი სხვა ნივთიერებებით მდიდარი ხსენი უცვლელად გადადის ჯერ ლიმფაში, ხოლო შემდეგ სისხლში. ამ გზით ახალშობილი სანამ თვითონ დაიწყებდეს ანტისხეულების სინთეზს, აწარმოებს მათი დიდი მარაგის   დაგროვებას. ახალშობილთა წვრილ ნაწლავებში ხსენის ადსორბციაზე გავლენას ახდენს, აგრეთვე, ხსენის მიცემის ფორმაც, ანუ – როგორი წესით ეძლევა მას ხსენი, საწოვარათი თუ უშუალოდ დედასთან მიშვებით, რა რაოდენობითა და რა ტემპერატურით. ჭარბი რაოდენობის ცივი ხსენის მიცემა დაუშვებელია.

 

ხსენი ახალშობილმა ცხოველმა უნდა მიიღოს დღე-ღამეში 5-6 – ჯერ, 8-10 დღის განმავლობაში. ახალშობილის ასეთი კვება გარანტიას იძლევა იმუნოგლობულინების და სხვა საარსებო ნივთიერებების ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაგროვებისა.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ხსენის დროულად მიცემით ჩვენ არა მარტო ვკვებავთ ახალშობილ ცხოველს, არამედ მათ იმუნიზაციასაც ვახდენთ, რაც წინაპირობაა ჯანმრთელი და კარგად განვითარებული პირუტყვის გამოზრდისა.

 

გურამი მელქაძე

კომპანია „ინვეტი“–ის მთ. კონსულტანტი

                                                                                                               აკადემიური დოქტორი.