25-12-2017

მასტიტი მერძეულ მესაქონლეობაში

მაღალხარისხიანი რძის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ჯანმრთელი ფურებიდან. მერძეულ მესაქონლეობაში სერიოზულ პრობლემად რჩება ფურების ისეთი დაავადება, როგორიცაა მასტიტი. მასტიტებით ფურები შეიძლება დაავადდნენ ლაქტაციის სხვადასხვა პერიოდში, გაშრობის დროსა და ასევე მშრალობის პერიოდში. მასტიტით ავადდება პირველ რიგში  ყველაზე მაღალპროდუქტიული ფურები, ვინაიდან სარძევე ჯირკვლების გაძლიერებული ექსპლუატაცია ძალზე მგრძნობიარეს ხდის მას უარყოფითი ფაქტორებისადმი.

 

მასტიტის აღმძვრელებია ფაკულტატურ-პათოგენური ბაქტერიები, სხვადასხვა სახის სოკოები, რომლებსაც შეუძლიათ შეაღწიონ სარძევე ჯირკვლებში როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური გზით, ჩაინერგონ ქსოვილებში და გამოიწვიონ ანთებითი პროცესი. რამდენადაც მასტიტის აღმძვრელები ყველგან ბინადრობენ, დაავადებასთან ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

დაავადება ხასიათდება ცხოველის საერთო მდგომარების გაუარესებით, ტემპერატურის მომატებით, გამონადენით, სარძევე ჯირკვლების კანის გაწითლებით, რძის საკვები ღირებულების გაუარესებით. უფრო ხშირი გავრცელება აქვს სუბკლინიკურ (ფარულ) მასტიტს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარეგანი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს რძის სეკრეციის შეწყვეტას და ცურის მეოთხედების ატროფიას.

 

მასტიტის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ფურების შენახვის არადამაკმაყოფილებელი ვეტერინალურ-სანიტარიული პირობები. გარდა ამისა დაინფიცირების წყაროა წველის ტექნოლოგიის დარღვევა (საწველი აპარატი, მწველავის ხელები, დაბინძურებული ჩვარი/ხელსახოცი). არასწორი წველისას შესაძლებელია მოხდეს დვრილების მექანიკური დაზიანება, რაც მასტიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება.

 

მასტიტებით გამოწვეული ზიანი განისაზღვრება მერძეული პროდუქტიულობის დაცემით. დაავადებული ფურების რძეში შემცირებულია ცხიმის შემცველობა, მჟავიანობა, კაზეინის რაოდენობა, მშრალი ნივთიერება, რძის შაქარი, კალციუმი. სუბკლინიკური მასტიტით მიყენებული ზარალი იზრდება იმითაც, რომ დასნებოვნებული ფურების ხსენი და რძე უვარგისია ახალშობილი ხბოების გამოსაკვებად, რძის პროდუქტების გადასამუშავებლად და წარმოადგენს საშიშროებას ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, რადგანაც შეიცავს პათოგენურ მიკრობებსა და მათ ტოქსინებს.

 

მასტიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის არსებობს მრავალი საშუალებები, ძირითადად სხვადასხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ყოველთვის არ იძლევიან მაღალ თერაპიულ ეფექტს. აქედან გამომდინარე მასტიტის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებების შემუშავებას, რომელთაც გააჩნიათ ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი და იწვევენ ორგანიზმის ბუნებრივი და სპეციფიკური რეზისტენტობის ამაღლებას, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

   

ბოლო წლებში ფურების მასტიტთან ბრძოლაში გარკვეული წარმატებებია მიღწეული და დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებებია შემოთავაზებული. კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ფურებისა და უშობლების იმუნიზაციისათვის მასტიტის საწინააღმდეგო მაღალეფექტურ ვაქცინას „სტარტვაკი“ (STARTVAC), წარმოებულს ესპანეთში კომპანია „HIPRA”-ს მიერ, რომელსაც წარმატებით იყენებენ საქართველოში მოქმედი მსხვილი მერძეული მეურნეობები. სტარტვაკის მთლიანი იმუნიზაციის სქემა წარმოქმნის იმუნიტეტს.

 

სტარტვაკი მეძუძურ საქონელში კურნავს მასტიტს. გამოიყენება სუბკლინიკური მასტიტის ინციდენტების აღმოსაფხვრელად, ასევე სტაფილოკოკით, კოლიფორმით და კოაგულაზა–ნეგატივით გამოწვეული კლინიკური მასტიტის ნიშნების სამკურნალოდ.

 

სტარტვაკი უნდა შეიყვანოთ 1 დოზა (2 მლ) ღრმად კუნთქვეშ შემდეგი განრიგის მიხედვით: პირველი ინექცია – 45 დღით ადრე მშობიარობამდე; მეორე ინექცია – 35 დღის შემდეგ, ანუ 10 დღით ადრე მშობიარობამდე; მესამე ინექცია – მეორე ინექციიდან 62 დღის შემდეგ. იმუნიზაციის სრული პროგრამა უნდა განმეორდეს ყოველი მომდევნო ორსულობისას.

 

 

გურამი მელქაძე 

კომპანია „ინვეტი“–ს მთ. კონსულტანტი

აკადემიური დოქტორი

 

დაჩი ცაციაშვილი 

კომპანია „ინვეტი“–ს სტაჟიორი

მაგისტრი