25-08-2022
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება
„ინვეტ ჯგუფმა“ ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, რაც როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით, აგრარული მიმართულებით ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან საქართველოში, რაიმუნდ იელესთან და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდერ კარნერთან ერთად, „ინვეტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, დავით შალამბერიძემ დააჯილდოვა.
აღნიშნული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას, აღნიშნული მიმართულების სტუდენტთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ ინტერაქციას დარგის წამყვან ბიზნესკომპანიებთან.
ოლიმპიადის ფარგლებში, „ინვეტ ჯგუფმა“ ვეტერინარიის მიმართულებაში გამარჯვებული სტუდენტები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს პრაქტიკული სწავლება, ანაზღაურებადი სტაჟირება და კომპანიაში მომავალი დასაქმება შესთავაზა.