ღორის რეპროდუქციული - რესპირატორული სინდრომი და მისი კონტროლის თანამედროვე სტრატეგია
ინფექციური დაავადებები ოდითგანვე იყო ფერმერთა საზოგადოების და კაცობრიობის პრობლემა. დაავადებები მოიცავდა დიდ ტერიტორიებს, ანადგურებდა ცხოველთა პოპულაციებს და მოქონდა დიდი ეკონომიკური დანაკარგები. მრავალი მათგანი დამარცხებულია ან ექვემდებარება კონტროლს, მაგრამ მეღორეობის ინდუსტრიაში თავი იჩინა ახალმა დაავადებებმა, როგორიცაა ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი, ცირკოვირუსი და სხვა.
ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი (PRRS) ვირუსული დაავადებაა, გამოწვეულია რნმ-ის შემცველი ვირუსით, რომელიც მიეკუთვნება არტერივირიადეს ( Arteriviriadae) ოჯახს და არტევირუსების ( Arterivirus) გვარს. ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი ან როგორც მას ასევე უწოდებენ ცისფერი ყურის დაავადებას და უნაყოფობის სინდრომს. როგორც სახელი გულისხმობს, მას ახასიათებს სასუნთქი სისტემის და რეპროდუქციული სისტემის დარღვევა, კერძოდ: აბორტი, მუმიფიცირებული ნაყოფი, ნაადრევი მშობიარობა, დასუსტებული და მკვდარი გოჭების შობადობა, სასუნთქი ორგანოების დაზიანება და ასევე სილურჯე, მოცისფრო-მოწითალო შეფერილობა ყურების არეალში, ვულვაზე.
რეპროდუციული და რესპირატორული პრობლემები პირველად დაფიქსირდა 1987 წელს აშშ-ში. გვხვდება ორი გენოტიპი: 1. ევროპული - ფართოდ გავცელებული ლელისტად (Lelystad) ვირუსი; 2. აშშ - გავრცელებული VR-2332 ვირუსი. დაავადება მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ის ყოველწლიურად იწვევს დიდ დანაკარგებს ღორის ინდუსტრიაში. უცხოური სტატისტიკა ცალსახაა და მიუთითებს სერიოზულ ეკონომიკურ ზარალზე. დაავადებით გამოწვეული წარმოების დანაკარგები 2012-2013 წლებში აშშ-ში 664 მილიონი აშშ დოლარი იყო ( აშშ-ს მეღორეობის ვეტერინართა ასოციაცია 2013), ევროპაში (ნიდერლანდები, ესპანეთი, დანია, შვეიცარია) დაახლოებით 126 მილიონი ევრო.
ინფექციის გავრცელების წყარო: 56% - დაავადებული ღორი; 20% - ინფქცირებული სადგომი; 21% - არაპირდაპირი გავრცელების გზით (ავტომანქანები, მოწყობილობები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა); 3% - გარეული იხვები და შესაძლოა სხვა ფრინველები.
ვირუსს აქვს გადაცემის მრავალი გზა და ძალიან მდგრადია გარემოში. ზრდასრული ღორები ვირუსს ბევრად უფრო სწრაფად ავრცელებენ, ვიდრე ახალგაზრდა ცხოველები. ცხოველიდან ცხოველებზე პირდაპირი კონტაქტი ყველაზე საშიშია. გადაეცემა სპერმით ხელოვნური განაყოფიერების გზით, გამოიყოფა რძეში და ხსენში. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება 3 კმ-მდე მანძილზე. ღორი რჩება ვირუსის მატარებელი 2-3 თვის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ითვლება, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ვირუსის სისხლში ყოფნის ხანგრძლივობა - 56 დღემდეა, სპერმაში - 92 დღემდე.
ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომს აქვს განსაკუთრებული კავშირი მაკროფაგებთან, განსაკუთრებით ფილტვის მაკროფაგებთან (ალვეოლური მაკროფაგები). მაკროფაგები იმუნური სისტემის ნაწილია და დაცვის ფუნქცია აკისრიათ, ისინი შთანთქავენ ორგანიზმში შემოჭრილ ვირუსებს და ბაქტერიებს. ალვეოლურ მაკროფაგებში ხდება დაავადების აღმძვრელის რეპროდუქცია, ანუ ვირუსი მრავლდება მაკროფაგის შიგნით და ანადგურებს მათ. შედეგად, მაკროფაგების 40% -მდე განადგურებულია, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს სხეულის დამცავ ფუნქციებს და ზოგადად იმუნიტეტს . შედეგად ვიღებთ დასუსტებულ ორგანიზმს, რომელიც მარტივად ამთვისებელია სხვადასხვა დაავადებების მიმართ. დაავადების დროს ვირუსს შეუძლია მხარი დაუჭიროს გვერდითი პათოგენების განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების უფრო სერიოზული მიმდინარეობა.
ეს გახლავთ ინტრაუტერიული ინფექცია, რომლის დროსაც ვირუსი ნაყოფს გადაეცემა პლაცენტის მეშვეობით. ზუსტი გავრცელების პერიოდი არაა დადასტურებული, თუმცა ძირითადად ეს ხდება მაკეობის 60-70 დღიდან.
კლინიკური ნიშნები ცვალებადია და დამოკიდებულია ვირუსის შტამის სპეციფიკურ ვირულენტობაზე. დაავადება ვლინდება ენზოოტიის სახით, ყველაზე გამოხატული არის მშობიარობის პერიოდში. ინკუბაციური პერიოდი 4 -დან 35 დღემდეა. დედა ღორებში დაავადება იწყება საკვებზე დროებით უარის თქმით, სისუტით , ტემპერატურის მომატებით, აბორტის პერიოდში ტემპერატურა 41.5 -გრადუსამდე. ზოგიერთ ღორებში აღინიშნება სასუნთქი გზების დაზიანების სიმპტომები, მოცისფრო-მოწითალო შეფერილობა ყურების არეალში, ვულვაზე (სილურჯე). მაკე ღორებში დაავადებას ახასიათებს აბორტი, მუმიფიცირებული ნაყოფი, ნაადრევი მშობიარობა, დასუსტებული და მკვდარი გოჭების შობადობა. აბორტები შეიძლება იყოს 50%-მდე. სუსტი და არასიცოცხლისუნარიანი გოჭებისთვის დამახასიათებელია რესპირატორული დარღვევები ხველებით და პნევმონიით, კუნთების სისუსტე, კონიუქტივიტი, წონის მატება შეიძლება შემცირდეს 50-70%- მდე.
აბორტირებული და მკვდრად დაბადებული გოჭების გაკვეთისას აღინიშნება სისხლჩაქცევები, კანქვეშა ქსოვილების შეშუპება, გულმკერდის ღრუში ექსუდატის მომატება, ღვიძლის დისტროფია, პნევმონიის ნიშნები.
დიაგნოზი დგინდება ეპიზოოტიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. ლაბორატორიაში დიაგნოზის დასადგენად, დაავადების გამომწვევი ვირუსის, ანტიგენის, გენომის გამოვლენის მიზნით, ყველაზე შესაბამისი ნიმუშებია ტვინის , ფილტვების, გულმკერდის ქსოვილები, ასევე სისხლის ნიმუშები ერთდროულად აღებული რამდენიმე ღორისგან.
იმისათვის, რომ სადგომი მივიჩნიოთ საეჭვოდ ღორის რეპროდუქციულ-რესპირატორულ სინდრომზე, გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები და კრიტერიუმები: ა) აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა 8%-ზე მეტია ბ) მკვდარი გოჭები ან მუმიფიცირებული ნაყოფი 20%-ზე მეტია გ) გოჭების სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირაში 25%-ს აღემატება. თუ ამ კრიტერიუმებიდან ორი დამაკმაყოფილებელია, მაშინ სადგომი შეიძლება საჭვოდ მივიჩნიოთ ამ ვირუსზე.
ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი წარმოადგენს პრობლემატურ დაავადებას მეღორეობის დარგის ფერმერებისთვის შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით: 1) დაავადების აღმძვრელის ფილოგენეტიკური მრავალფეროვნება და ახალი უაღრესად პათოგენური შტამების გაჩენა; 2) დაავადების კონტროლისა და მონიტორინგის სტანდარტიზებული პროგრამების, პროტოკოლების არარსებობა.
ცხოველთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია ითვლება ყველა დროის უდიდეს და ეფექტურ ვეტერინარულ ღონისძიაბად. ვაქცინის ეფექტურობა ფასდება სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. ბოლო ათწლეულში ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომის საწინააღმდეგოდ მნიშნელოვანი შედეგებია მიღწეული და ეფექტური საშუალებებია შემოთავაზებული. კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ღორების იმუნიზაციისათვის ვირუსის საწინააღმდეგო მაღალეფექტურ ვაქცინას „პროგრესისი“ (PROGRESSIS), წარმოებულს საფრანგეთში კომპანია „CEVA”-ს მიერ, რომელსაც წარმატებით იყენებენ საქართველოში მოქმედი მეღორეობის მეურნეობები.
გურამი მელქაძე
კომპანია „ინვეტი“
აკადემიური დოქტორი.