პროექტთან "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (USDA Food for Progress SQIL) საგრანტო პარტნიორობის ფარგლებში, "ინვეტ ჯგუფის" ორგანიზებით ქალაქ გორში გაიმართა სემინარი თემაზე - „ხელოვნური განაყოფიერება, სქესობრივი ახურების სინქრონიზაცია, ულტრაბგერითი ექოსკოპიის მნიშვნელობა ძროხების აღწარმოებისას“.
სემინარი მიზნად ისახავდა როგორც „ინვეტ ჯგუფის“ სპეციალისტების, ისე კერძო სექტორში მომუშავე ვეტერინარების ცოდნის გაღრმავებასა და შესაძლებლობების გამყარებას ხელოვნური განაყოფიერების, სქესობრივი ახურების სინქრონიზაციისა და რეპროდუქციაში ულტრაბგერითი ექოსკოპიის მნიშვნელობის შესახებ.
სემინარის ფარგლებში რეგიონის ფერმერებს მესაქონლეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და რეპროდუქციული ციკლის სინქრონიზაციის საუკეთესო პრაქტიკებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს "ინვეტ ჯგუფის" მესაქონლეობის მიმართულების ხელმძღვანელმა გურამ მელქაძემ და კომპანია "დავათის" დირექტორმა ლევან ბზიშვილმა.
გარდა თეორიული ნაწილისა, სემინარი ფარგლებში ასევე გაიმართა პრაქტიკული ვორქშოპი ფერმაში რ/კ „ახალგაზრდა ფერმერი“, სადაც დამსწრეებისთვის ინვეტ ჯგუფის წარმომადგენლებმა მოწყობილობების გამოყენების შესახებ პრაქტიკული სწავლებაც ჩაატარეს.