ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

2026-03-05 09:48:52

შინაური ცხოველები ადამიანების კეთილდღეობის დონეს ზრდიან - ახალი კვლევა

კენტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კატის ან ძაღლის ყოლა კომპანიონად ადამიანის ცხოვრების კმაყოფილებასა და კეთილდღეობას იმდენადვე ზრდის, რამდენადაც ოჯახი და მეგობრები.

 

ეკონომიკის მკვლევრებმა გააანალიზეს შინაური ცხოველების გავლენა ადამიანების ცხოვრების კმაყოფილებასა და კეთილდღეობაზე და ეს მონეტარულ ერთეულებში შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ კატისა და ძაღლის კომპანიონობა მათი მფლობელებისთვის ცხოვრების კმაყოფილების თვალსაზრისით წელიწადში დაახლოებით 70 000 ფუნტამდე ღირებულებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ეს დასკვნა „ცხოვრების კმაყოფილების მიდგომის“ (life satisfaction approach) გამოყენებით მიიღეს - მეთოდოლოგიის, რომელიც ეკონომისტებმა შეიმუშავეს. პროცესი ეფუძნება მარტივ რეგრესიულ ანალიზს, რომლის დახმარებითაც განისაზღვრება ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორის ან მოვლენების „ფარული ფასი“. მაგალითად, ეკონომისტებმა ცხოვრების კმაყოფილების გამოკითხვების საფუძველზე აჩვენეს, რომ დიდ ბრიტანეთში საშუალო ადამიანისათვის ქორწინება, მარტოხელობასთან შედარებით, წელიწადში დაახლოებით 70 000 ფუნტის ღირებულებისაა, ცხოვრების კმაყოფილების თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, განშორება წელიწადში დაახლოებით მინუს 170 000 ფუნტის ექვივალენტია.

 

მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველები დიდი ხანია დაკავშირებულია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, მათი პირდაპირი გავლენა ცხოვრების კმაყოფილებაზე წინა კვლევებში დამაჯერებლად დადასტურებული არ იყო.

 

ჟურნალ Social Indicators Research-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა ასევე აჩვენა, თუ რომელი პიროვნული თვისებებია დაკავშირებული კატისა და ძაღლის მფლობელებთან. აღმოჩნდა, რომ კატების მფლობელები უფრო გახსნილები (open) არიან, ხოლო ძაღლების მფლობელები უფრო ექსტროვერტები, მეგობრულები (agreeable) და ნაკლებად ნევროზულები. ზოგადად, შინაური ცხოველების მფლობელები უფრო გახსნილები, პასუხისმგებლიანები (conscientious) და ექსტროვერტები აღმოჩნდნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ ჰყავთ.

 

შინაური ცხოველების პატრონობასა და მეპატრონეთა ასაკს შორის ურთიერთობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით კი კატებისა და ძაღლების მფლობელებს შორის განსხვავების შემთხვევაში. მკვლევრებმა შეადგინეს ორი ჰისტოგრამა, რომლებიც ასახავს კატებისა და ძაღლების მომვლელების ასაკს (გაითვალისწინეთ, რომ ასაკი ძლიერ კორელაციაშია ცხოვრების კმაყოფილებასთან). 

 

 

როგორც პირველი და მეორე დიაგრამა აჩვენებს, ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად ხდებიან შინაური ცხოველების მფლობელები. საერთო ჯამში, ეს ორი გრაფიკი ადასტურებს ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, უფროს ასაკში კატებთან კომპანიონობა უფრო მაღალია, ვიდრე ძაღლებთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შინაური ცხოველების ყოლა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.

 

კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი ადელინა გშვანდტნერი, კენტის უნივერსიტეტის ეკონომიკის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის წარმომადგენელი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) დოქტორი - მაიკლ გმაინერი.

 

დოქტორ გშვანდტნერის თქმით: „ეს კვლევა პასუხობს კითხვას - კარგია თუ არა შინაური ცხოველების კომპანიონობა ჩვენთვის და პასუხი არის მტკიცე „დიახ“. შინაური ცხოველები ზრუნავენ ჩვენზე და მათ კომპანიონობას მნიშვნელოვანი მონეტარული ღირებულება აქვს. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის პრაქტიკასა და პოლიტიკაში, რათა გაიზარდოს ადამიანების კეთილდღეობა და ცხოვრების კმაყოფილება შინაური ცხოველების ჩართულობით.“

 

კვლევითი ნაშრომი „The Value of Pets: The Quantifiable Impact of Pets on Life Satisfaction“ გამოქვეყნებულია ჟურნალში Social Indicators Research. doi: 10.1007/s11205-025-03574-1