ფერმებში ცხოველების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც შინაური, ისე ფერმის ცხოველების მოვლა დიდ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფერმერები დაავადებებს დროულად ვერ ამჩნევენ. ამ სტატიაში განვიხილავთ ფერმებში გავრცელებულ დაავადებებს, მათ ძირითად ნიშნებსა და ეფექტურ მეთოდებს ცხოველების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ნიუკასლის დაავადება
ნიუკასლის დაავადება მეფრინველეობაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სწრაფად გავრცელებადი ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს როგორც შინაურ, ისე გარეულ ფრინველს, მათ შორის ქათამს, ინდაურს, ციცარსა და სხვა სახეობებს. დაავადება სწრაფად ვრცელდება ფერმებში და ხშირად იწვევს ფრინველის პროდუქტიულობის შემცირებასა და მაღალ სიკვდილიანობას. დაავადების წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციასა და დროულ ვაქცინაციას.
მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვა - ამ მიზნით გამოიყენება ისეთი ვაქცინები, როგორიცაა ნიუ L, ვიტაბრონ L და ვექტორმუნე ND, რომლებიც ხელს უწყობს ფრინველში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და დაავადების გავრცელების რისკის შემცირებას.
ფრინველის გრიპი
ფრინველის გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს ფრინველებს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადამიანებშიც გავრცელდეს. ინფექცია ბუნებრივად გავრცელებულია გარეულ ფრინველებში და მათგან ხშირად გადადის შინაურ ფრინველებზე, როგორიცაა ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი და ა.შ.
დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ვაქცინაცია. ნიუფლენდი და ნიუფლუ ხელს უწყობს ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერებას და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.
თურქულის დაავადება
თურქულის დაავადება არის გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს წყვილჩლიქოსან ცხოველებს (პირუტყვი, ცხვარი, ღორი). დაავადება ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, წყლულების წარმოქმნით პირში, ენაზე და ჩლიქების მიდამოში, რაც ხშირად იწვევს კოჭლობას და საკვების მიღების შემცირებას. ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო მნიშვნელოვანია დაავადებული ცხოველების დროული იზოლაცია, ჰიგიენური პირობების დაცვა და ვეტერინართან დროული კონსულტაცია.
სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ბუშტუკები (აფთები) პირის ღრუში, ენაზე, დინგზე, ჩლიქების გვირგვინსა და დვრილებზე.
გადაცემის გზები: დაავადებული ცხოველის სეკრეტით (ნერწყვი, რძე, შარდი, ფეკალიები), ასევე დაბინძურებული საკვებით, წყლით, ტანსაცმლით და აღჭურვილობით.
პრევენცია: რეგულარული ვაქცინაცია, კარანტინი, მკაცრი ვეტერინარული კონტროლი, ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა.